თეგი: ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მუზეუმი „დაკარგულ ექსპონატებზე“ განცხადებას ავრცელებს

  ეროვნული გალერეიდან, რომელიც 2007 წელს შეუერთდა ეროვნულ მუზეუმს, 1992-2005 წლებში სხვადასხვა საელჩოში გატანილია 77 ექსპონატი, მათ შორის ყველაზე მეტი, დღევანდელი მონაცემით, ეროვნული გალერეის კოლქციებში უკვე დაბრუნებულია 552 ექსპონატი. ამ ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს და განმარტავს, რომ ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ ცნობები, სიმართლეს არ შეესაბამება.   „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა. ეროვნული მუზეუმის მიმართ დღეს ისმის უსაფუძვლო ბრალდება „დაკარგულ“ ექსპონატებთან დაკავშირებით. სინამდვილეში ექსპონატები სხვადასხვა მიზეზით გატანილია ეროვნული გალერეიდან 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე, იმ დროს სანამ ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ნაწილი გახდებოდა.   ეროვნული მუზეუმი დღემდე მუშაობს მუზეუმებიდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე გაცემული ექსპონატების მუზეუმებში დაბრუნების პროცესზე. ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ ეროვნული გალერეის ფონდებს უკვე დაუბრუნდა დროებით გაცემული 552 ექსპონატი, ხელოვნების მუზეუმის ფერწერის ფონდს კი - 5“, - აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.   ცნობისთვის, ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. იხილეთ საელჩოებში გატანილი ნამუშევრების სია. ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია  

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. გეგმური აუდიტორული შემოწმება მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის პერიოდს მოიცავს. როგორც 2016 წელს ჩატარებული შიდა აუდიტისა და 2013 წელს ჩატარებული აუდიტის დასკვნებში, მიმდინარე წლის 4 თებერვლის დასკვნაშიც მძიმე დარღვევებზეა საუბარი. „აღნიშნული ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი), ამასთან, ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აშშ საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერია - საელჩო

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ელჩი დანიგანი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძეს მასპინძლობისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის. ამ სივრცეებში დაცული არტეფაქტები საქართველოს მდიდარი ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. როგორც საქართველოს მუზეუმების დიდი ხნის მხარდამჭერი და გულშემატკივარი, აღფრთოვანებული ვართ ეროვნული მუზეუმის თვალსაჩინო განვითარებითა და წარმატებით,“ - წერს საელჩო.  

ეროვნული მუზეუმი მზადაა, ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ექსპონატების რესტავრაციაში ჩაერთოს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ოკუპირებული აფხაზეთის სამხატვრო გალერეაში 21 იანვარს მომხდარი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ეროვნული მუზეუმი მზადაა დახმარების მიზნით სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან სპეციალური ჯგუფი შექმნას. ამის შესახებ ინფორმაციას "ეროვნული მუზეუმი" სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ეროვნული მუზეუმი გამოხატავს მზადყოფნას, სამხატვრო გალერეის სპეციალისტებს აღმოუჩინოს დახმარება დაზიანებული ექსპონატების რესტავრაციის პროცესში და, ამ მიზნით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრატორებისაგან შექმნას სპეციალური ჯგუფი," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ოკუპირებულ სოხუმში ხანძარს გადარჩენილი ნამუშევრების სარესტავრაციო სამუშაოში რუს სპეციალისტებს ჩართავენ